ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი

ანაკლიის კონსორციუმი: მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ არის დაინტერესებული პროექტით

0 კომენტარი
ფოტო: ბია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების კონსორციუმი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

კონსორციუმში აცხადებენ, რომ მათ მოიძიეს ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ არის დაინტერესებული პორტის პროექტით. ანაკლიის კონსორციუმში ამბობენ, რომ ახალი პოტენციური ინვესტორის შესახებ მთავრობას ინფორმაცია უკვე აქვს და ამ დროისთვის პროექტის ბედი მთავრობის ხელშია. 

გთვაზობთ კონსორციუმის განცხადებას უცვლელად:

"მიუხედავად არსებული ვითარებისა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონტროლს მიღმაა, ჩვენ მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ არის დაინტერესებული პროექტით. ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ მთავრობის წარმომადგენლები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე.

როგორც ჩვენ განვუმარტეთ მთავრობის წარმომადგენლებს, ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დაინახოს პირდაპირი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, როგორც პროექტის, ასევე მათ მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არ მიგვიღია მსგავსი პოზიცია სახელმწიფოსგან. ამრიგად, ჩვენ ველოდებით მთავრობას, რადგან ზემოთ აღწერილი სიტუაცია არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ, თუმცა პარალელურად აქტიურად ვაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას პოტენციურ ინვესტორს.

ADC იყენებს ყველა საშუალებას, რომ პროექტი წინ წავიდეს, სანამ ჩვენ ვართ მთავრობის მხარდაჭერის მოლოდინში, რაც აუცილებელია ინვესტორთან მოლაპარაკებების დასრულების და პროექტის მომავლის უზრუნველსაყოფად. გვსურს თავიდან ავიცილოთ სამართლებრივი დავა და ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა უზრუნველყოფს მოთხოვნილ მხარდაჭერას, რათა წარმატებით გავაგრძელოთ და დასრულდეს პროექტი."

ცნობისთვის, ანაკლიის კონსორციუმის წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა. მოგვიანებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ვადა მიმდინარე წელს 31 დეკემბრამდე გადაეწია. 

2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ამ დროისთვის საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები