საქართველო-აშშ

Washigton Examiner: ოპოზიციის დევნის ინიციატორებს ტრამპი სანქციებით უნდა დაემუქროს

გიგა ბოკერია

"საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნას ტრამპის ადმინისტრაციამ მთავრობის წევრების მიმართ პერსონალური სანქციების მუქარით უნდა უპასუხოს", — წერილი ამ სათაურით ამერიკულ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნდა. წერილის ავტორი ტომ როგანია. 

ავტორის თქმით, საქართველოში ოპოზიციის ლიდერების დევნამ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო და დროა, საქართველოს მთავრობას პასუხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასცეს.

"დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიო გაფრთხილება უნდა მისცეს საქართველოს მთავრობას, რომ დემოკრატი ოპოზიციონერი ლიდერების დევნას საპასუხო ქმედებები მოყვება, მათ შორის, სანქციები კონკრეტული პირების მიმართ. ამგვარი მტკიცე ქმედებების აუცილებლობა ბოლო დღეებში საქართველოს მთავრობის მიერ ინსპირირებული ესკალაციის გამო შეიქმნა", — ნათქვამია წერილში.

წერილში ტომ როგანი პროკურატურის მიერ ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივნის, გიგა ბოკერიას, დაბარებას და მის მიმართ ძველი საქმის გაცოცხლებას ეხმაურება. ავტორის თქმით, ბოკერიას წინააღმდეგ აღძრული საქმე გაყალბებულია და მიზნად პროტესტის შესუსტებას ისახავს.

"ყველაზე აღმაშფოთებლად ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ცნობილი გახდა, რომ სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად გამოკითხვაზე დაიბარეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიგა ბოკერია. ოპოზიციის ერთერთი ლიდერი 2010-2013 წლებში შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით დაიკითხა. წარსულში მე შევხვედრივარ ბოკერიას და მან ჩემი ნდობა დაიმსახურა. მე, ასევე, სათანადოდ ვარ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ საქმე გაყალბებულია და ამ გზით ხელისუფლება ცდილობს, ბოლო მოუღოს საზოგადოების პროტესტს, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მღელვარება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა, შეესრულებინა დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით", — წერს როგანი.

როგანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა პროამერიკული პოზიციების მქონე პირებს დევნის.

"ირონულია, რომ ბოკერია და საქმეში მონაწილე სხვა პირები ცნობილები არიან თავიანთი ანტიკორუფციული და პროამერიკული პოზიციებით. ერთერთი მათგანი აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ბათუ ქუთელიაა. ხელისუფლებას ეს არ უნდა გაუვიდეს."

წერილის მეორე ნაწილში ტომ როგანი ყურადღებას პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე ამახვილებს და ამბობს, რომ მისი მმართველობის პერიოდში საქართველო კრემლს დაუახლოვდა.

"უკვე მრავალი წელია, რაც აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას, თუმცა უკრაინელების მსგავსად, ქართველებიც ვლადიმირ პუტინის აგრესიას უპირისპირდებიან. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, რომელსაც ჯეიმს ბონდობა სურს, საქართველო სულ უფრო ტოლერანტული ხდება რუსული აგრესიის მიმართ, რითიც უახლოვდება კრემლს და მის ავტოკრატულ ფასეულობებს", — ნათქვამია წერილში.

დასკვნით ნაწილში როგანი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, პერსონალური სანქციებით დაემუქროს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში თავისუფალი ოპოზიციონერების დევნას ახორციელებენ.

"გამოწვევებზე საპასუხოდ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა დაამოწმოს კონგრესმენების კინზინგერისა და კონოლის გაგზავნილი წერილი, რომელშიც კანონმდებლები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერმინისტრ გახარიას, შეცვალოს აღებული კურსი. ამავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა დაურთოს გაფრთხილება, რომ თუ კი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ადამიანების უფლებების უგულებელყოფას და თავისუფალი ოპოზიციის დევნას, ამაზე პასუხისმგებელ თითოეულ პირს, აშშ პასუხს იმ გზით აგებინებს, რაც მათთვის ყველაზე მტკივნეული იქნება - მათი საბანკო ანგარიშებით, მათი შესაძლებლობით, იმოგზაურონ და ივაჭრონ საერთაშორისო დონეზე დაბრკოლებების გარეშე. ამან, შესაძლოა, გამოაღვიძოს საქართველოს მთავრობა", — ამბობს ტომ როგანი. 

ევროპული საქართველოს ლიდერი პროკურატურამ 6 წლის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე 15 დეკემბერს დაიბარა. პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიებას აქვს კითხვები ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. 

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული.

კომენტარები