პროპორციული არჩევნები

ოპოზიცია 19 დეკემბერს პარლამენტის პიკეტირებას აპირებს, 21-22-ში - აქციებს ზუგდიდსა და ბათუმში

ტაბულა

ოპოზიცია ამ კვირაში პარლამენტის პიკეტს და რეგიონებში აქციებს გეგმავს. ამის შესახებ ოპოზიციის გაფართოებულ შეხვედრაზე გადაწყდა.

"ამ კვირაში ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ვაპირებთ, ხუთშაბათს მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ მზაკვრული საქმეების კეთების შესაძლებლობა ამ ადამიანებს. პარასკევს ჩანიშნულია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ამ წელს. შაბათ-კვირას კი გაიმართება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში," - თქვა ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. პარალელურად, ოპოზიციამ მოამზადა და პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის ქართული ვარიანტია. ხელისუფლება ოპოზიციის ინიციატივაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საუბრობს არაერთი კონსტიტუციონალისტი და უცხოელი პარტნიორი. კანონპროექტი შესაფასებლად ეუთო/ოდირსაც გადაეგზავნა.

იმის გამო, რომ ხელისუფლება ე.წ გერმანულ მოდელის მოდიფიცირებულ ვარიანტს ეწინააღმდეგება, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე საერთაშორისო პარტნიორებმა მმართველ გუნდს და ოპოზიციას შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის შეთავაზებული საარჩევნო სისტემის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, თუმცა, 15 დეკემბრის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეთანხმება ვერც ამ ეტაპზე შედგა, თუმცა, დიალოგი გაგრძელდება. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი პარასკევს, 20 დეკემბერს გაიმართება.

15 დეკემბრის შეხვედრის მთავარი თემა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყო. ერთი კვირის წინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ შეთავაზებული წინადადება კონსტიტუციას შეესაბამებოდა და საკითხს გუნდში განიხილავდნენ, თუმცა, მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე მმართველი გუნდის წევრები მრავალმანდატიანი ოლქების უსამართლობაზე ალაპარაკდნენ.

რას ნიშნავს მრავალმაჟორიტარიანი ოლქები და რით განსხვავდება არსებულისგან, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები