უაქციზო სიგარეტი

75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. 

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში, 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება 290 000 ლარს აღემატება" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

აღსანიშნავია, რომ სიგარეტზე ფასის ზრდამ ქვეყანაში უაქციზო სიგარეტის დიდი რაოდენობით შემოტანა გამოიწვია. ტაბულამ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უაქციზო სიგარეტზე 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო.

კომენტარები