დიდი ბრიტანეთი

ჯონსონს სურს ბრექსითის ვადის 2020 წლის მიღმა გადაწევა არალეგალური გახდეს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ბრექსითის კანონში ახალი პუნქტის ჩამატებას გეგმავს, რომელიც პარლამენტის მიერ ევროკავშირიდან გასვლის გახანგრძლივებას 2020 წლის შემდეგ არალეგალურს გახდის.

ამჟამად შეთანხმებაში ბრექსითის შემდგომი პერიოდის დასასრულად 2020 წლის დეკემბერია განსაზღვრული, თუმცა მხარეების შეთანხმების შემთხვევაში დამატებით 2 წლამდე გახანგრძლივებაა შესაძლებელი.

თემთა პალატა ცვლილებას მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს. ცვლილების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ეს ევროკავშირიდან სავაჭრო შეთანხმების გარეშე გასვლის რისკს ზრდის.

წინასაარჩევნოდ პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ კონსერვატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ბრექსითის პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდებოდა.

დამაჯერებელი გამარჯვების და უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ჯონსონი ახალ პარლამენტს ბრექსითის გეგმას კენჭისყრისათვის 20 დეკემბერს წარუდგენს. მოსალოდნელია, რომ ამჯერად მისი გეგმა საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს და ბრიტანეთი ევროკავშირის წევრობას 31 იანვარს დაასრულებს.

ამის შემდეგ მთავრობას ბრიუსელთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებებისათვის ზუსტად ერთი წელი ექნება. შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში სავაჭრო ურთიერთობები ავტომატურად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული პირობებით წარიმართება.

კომენტარები