თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტზე

ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა-ტაბულას ჟურნალისტი დაზარალებულად ცნეს

0 კომენტარი
ფოტო: On.ge

ტაბულას ჟურნალისტი, რომელსაც ვერის ბაღში 9 ნოემბერს ძალადობრივი ჯგუფების წევრები თავს დაესხნენ, ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაში დაზარალებულად ცნეს.

აქციის მონაწილე ნიკა ცხადაძეს ბრალი ძალადობისა (126-ე) და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის მუხლით (154-ე) წარუდგინეს. 

"მას უკანონოდ ხელი შეეშალა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში და მიადგა მორალური ზიანი",-აღნიშნულია დაზარალებულად ცნობის დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვითვე, არ დადასტურდა ნივთის დაზიანება. თავდაპირველად შსს-მ გამოძიება სწორედ ამ მუხლით დაიწყო.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ტაბულას ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, 9 ნოემბერს, ძალადობრივი აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს. 

აქციის რამდენიმე მონაწილეს LIVE-ში ყოფნისას ჟურნალისტის კომენტარები არ მოეწონა, რასაც ერთერთი მათგანის მხრიდან, კირვალიძეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. პოლიცია ადგილზე არ იმყოფებოდა.

ძალადობრივი აქციის მონაწილის მხრიდან, ტაბულას ჟურნალისტზე ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ტაბულას კითხვას, რატომ არ დაიწყო გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით, შსს-ში უპასუხეს, რომ "ამით დაიწყო და შემდეგ რაც გამოიკვეთება". 

ტაბულა მოითხოვს საგამოძიებო უწყებამ გადააკვალიფიციროს მის ჟურნალისტ, ცისია კირვალიძეზე თავდასხმის გამოძიება.

"საქმეს უნდა მიეცეს მსვლელობა სსკ-ის 126-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ძალადობას - რადგან ტაბულას ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, უნდა იყოს 154-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა გადააკვალიფიციროს აღნიშნული მუხლები და სწორედ ამ ორი მუხლით უნდა წარიმართოს გამოძიება. საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, პროკურორი არის უფლებამოსილი მოახდინოს დაზუსტება, მუხლების გადაკვალიფიცირების კუთხით", - ამბობს ტაბულას იურისტი, დიტო ხვიჩია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები