ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

გაფრინდაშვილის ცოლი: არ მითქვამს, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, მაგრამ გჭირდება შედეგი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლის, თამილა ლაფანაშვილის თქმით, მას არასდროს უთქვამს, რომ სახელმწიფო ექიმის გასათავსიუფლებლად არაფერს აკეთებს. თუმცა, მედიაცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე, ლაფანაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახს სჭირდება შედეგი.

"მე არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ, მსგავსი სიტყვები მე არასდროს წარმომითქვამს, პირიქით, პირველივე დღიდან არიან ჩართულები და აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა შედეგი, შედეგს ველოდებით და შედეგი, ეს არის ვაჟას გათავისუფლება" - ამბობს თამილა ლაფანაშვილი.

დაკავებული ექიმის ცოლის თქმით, შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი.

"პირადად გიორგი გახარიას არ შევხვედრივარ, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოსთან გვქონდა კომუნიკაცია. გამიზიარეს, რას აკეთებს სახელმწიფო, სხვადასხვა სამინისტროები და ორგანოები. მეც გავუზიარე, ოჯახი რას აპირებს. ველოდებით პარასკევს, როცა ჩანიშნულია სხდომა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სასიკეთოდ გადაწყდება და ვაჟა გათავისუფლდება" - ამბობს ლაფანაშვილი და აღნიშნავს, რომ "სხვადასხვა ბერკეტი უნდა ჩაირთოს, რაც აქამდე არ ყოფილა, ყველა ავბსოლუტურად მხარში მიდგას ამაში, ვფიქრობ, ეს ძალისხმევა გაამართლებს, როგორც სახელმწიფო ორგანოების, ისე საერთაშორისო საზოგადოების".

39 დღეა, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით ჰყავს დაკავებული. 14 დეკემბერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა ძალაში დატოვა.

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები