ერეკლე კუხიანიძე

გაფრინდაშვილის ცოლი: რა გამოდის, კუხიანიძე სახელმწიფოს ნათქვამს უპირისპირდება? დაფიქრდეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლის, თამილა ლაფანაშვილის შეფასებით, საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე სახელმწიფოს პოზიციას უპირისპირდება. ლაფანაშვილი კუხიანიძის მიერ ცხინვალის კაგებეს გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს "საზღვრის გადაკვეთა" და "კანონდარღვევა" წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

"პირველივე დღიდან დაიწყო იქაურმა კაგებემ ისეთი დეზინფორმაციების გამოქვეყნება, სრულიად აბსურდის, რომელზეც ჩვენმა სახელმწიფო ორგანოებმა, ჩვენმა სუს-მა, გააკეთეს განცხადება, რომ ეს არის სრული დეზინფორმაცია და ამას არავითარი კავშირი არ აქვს ვაჟას დაკავებასთან. ოფიციალური განცხადება იყო ეს. რა გამოდის, ის, ვინც იმ დეზინფორმაციას აკოპირებს, მითუმეტეს, ვინც სახელმწიფო მოხელეა, უპირისპირდებიან თავის სახელმწიფოს ნათქვამს. ცოტა დაფიქრდნენ ამაზე. მე არ ვარ იურისტი არ ვარ, უბრალოდ, ადამიანი ვარ, რომელსაც მე მგონი, ლოგიკა გააჩნია და ვფიქრობ ამაზე... ჩვენ რომ ასე უშვერად გვაგინებს, ამით არაფერი დაგვაკლდება, ეს მისი პრობლემაა, როგორც მორალური თვალსაზრისით, ისე "კაცობით" - თქვა ლაფანაშვილმა ერეკლე კუხიანიძეზე.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს "ღრმა ფსიქიკური აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ "ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად" მიაჩნია.

ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძე, 2019 წლის 20 ივნისს Facebook-ზე წერდა, რომ ვინც რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს "ფიზიკურად შეეხო - ის არის საქართველოს მტერი და სასტიკად დასასჯელია".

კომენტარები