რუსეთი და ჩინეთი ჩრდ. კორეისთვის გაეროს სანქციებს მოხსნის ინიციატივით გამოდის, აშშ უარზეა

REUTERS

რუსეთი და ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოზე ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნის ინიციატივით გამოვიდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახლა ამის დრო არ იყო, რადგან ქვეყანა პროვოკაციით იმუქრებოდა, ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებზე არ მოდიოდა, მასობრივი განადგურების აკრძალულ იარაღებს კვლავ ავითარებდა და სარაკეტო ცდებს არ წყვეტდა.

რუსეთსა და ჩინეთს ჩრდილოეთ კორეიდან სანქციების მოხსნა სურთ ქანდაკებების, ზღვის პროდუქტებსა და ტექსტილის ექსპორტზე. ასევე, ჩრდილოეთ კორეელების საზღვარგარეთ მუშაობის აკრძალვის მოხსნა, კორეული რკინიგზისა და გზის კოოპერაციის პროექტის გაეროს სანქციებისგან გათავისუფლება. ამ სანქციების მოხსნით, ჩრდილოეთ კორეის ბიუჯეტში კვლავ ასობით მილიონი აშშ დოლარი შევა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქმედებით რუსეთს ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის დიალოგის წახალისება სურს.

გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენჟიამ თქვა, რომ არ ჩქარობდნენ და მოლაპარაკებები დღეს დაიწყებოდა. მისი თქმით, სანქციების მოხსნა "ჰუმანიტარულ პრობლემებთან" იყო დაკავშირებული. 

უცნობია, ამ რეზოლუციის გამოტანას როდის ან საერთოდ აპირებენ თუ არა. გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 9 წევრის ხმა არის საჭირო და არცერთი ვეტო აშშ-ისგან, საფრანგეთისგან, ბრიტანეთისგან, რუსეთისგან ან ჩინეთისგან. 

აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი ხაზგასმით აცხადებენ, რომ სანქციები არ მოიხსნება მანამ, სანამ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე ხელს არ აიღებს. 

რუსეთი და ჩინეთი 2018 წლიდან აცხადებენ, რომ კიმის განცხადების გამო, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების მიმართულებით იმუშავებდა, უშიშროების საბჭოს ჩრდილოეთ კორეა უნდა დაეჯილდოებინა. 

შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის დასასრული განსაზღვრა. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ აშშ შეცდომას დაუშვებს, თუ ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს.

ნოემბრის ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა.

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებზე არ მოდიოდა და "დროის მოგებით" იყო დაინტერესებული. ჩრდილოეთ კორეის მხარემ თქვა, რომ აშშ-ზე იყო დამოკიდებული, თუ რა საჩუქრის მიღება სურდა საშობაოდ.

ახალი სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეა სატელიტებისა და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გასაშვებ ბაზას, რომელიც სინგაპურის სამიტზე დონალდ ტრამპთან შეთანხმების შემდეგ დაშალა, ახალი გამოცდებისათვის ამზადებს.

კომენტარები