დაპირისპირება საკრებულოში

დავითულიანი ოპოზიციას: კუხიანიძეს გავაგდებთ მაშინ, როცა გადავწყვეტთ, თქვენ არ გაგაგდებინებთ

ტაბულა

"ერეკლე კუხიანიძეს მოვხსნით თუ არა, ამას ჩვენ გადავწყვეტთ. გადავწყვეტთ მას შემდეგ, რაც თქვენ აქ აღარ იდგებით. კუხიანიძეს გავაგდებთ მაშინ, როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ, თქვენ არ გაგაგდებინებთ", - მიმართა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ელენე ხოშტარიას და ხატია დეკანოიძეს.

ხოშტარია და დეკანოიძე საკრებულოს შენობაში დღეს განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას აკეთებდნენ, რა დროსაც ბექა დავითულიანი მათთან მივიდა და მედიასთან კომენტარის მიცემის გაგრძელების საშუალება დეპუტატებს არ მისცა.

"ამ შენობიდან [საკრებულოდან] ჯერ თქვენ გაგყრით და მერე მოგაყოლებთ კუხიანიძეს", - მიმართა დავითულიანმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს.

დღეს, 17 დეკემბერს, საკრებულოში აქტივისტებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს - რამდენიმე გოგო კიბეებზე ათრიეს.

რამდენიმე აქტივისტს, რომელიც ძალის გამოყენებით გაათრიეს, სხეულის დაზიანებები აქვს, ასევე რამდენიმე დაკავებულია.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

კომენტარები