ერეკლე კუხიანიძე

ბექა დავითულიანმა უარყო, რომ უმრავლესობის სხდომა გუშინ ჩატარდა, რიმა ბერაძემ კი დაადასტურა

ტაბულა

ელენე ხოშტარიას, ხატია დეკანოიძისა და ლილე ლიპარტელიანის შეხვედრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესა და საკრებულოს წევრთან, ბექა დავითულიანთან დასრულდა. 

ბექა დავითულიანმა შეხვედრაზე თქვა, რომ სანამ ოპოზიციის წარმომადგენლები შენობას არ დატოვებდნენ, ისინი არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით.

დავითულიანმა ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვას, აქამდე რატომ არ იმსჯელეს და არ მიიღეს გადაწყვეტილება კუხიანიძის საკითხზე, უპასუხა, რომ უმრავლესობის სხდომა ჯერ არ შემდგარა, აქამდე მხოლოდ არაფორმალური შეხვედრა ჰქონდათ და ყველაფერს თავისი პროცედურა აქვს.

თუმცა ამ ფაქტის საწინააღმდეგო რამე თქვა თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა, რიმა ბერაძემ, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებთან კამათის დროს აქტიურობდა. მას შემდეგ, რაც ლილე ლიპარტელიანმა თქვა, რომ დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლოთ, ენახათ ბექა დავითულიანის გუშინდელი განცხადება, რომ უმრავლესობის სხდომა უკვე ჩატარდა, რიმა ბერაძემ თქვა, რომ ამ ფაქტს არავინ უარყოფდა და უმრავლესობის სხდომა მართლაც ჩატარდა.

ლილე ლიპარტელიანის განცხადებით ასევე იმის გადამოწმებაც შესაძლებელია, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გუშინ გარკვევით თქვა, რომ უმრავლესობის პირველივე სხდომაზე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას კუხიანიძის საკითხზე. 

დღეს, 17 დეკემბერს, საკრებულოში აქტივისტებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს - რამდენიმე გოგო კიბეებზე ათრიეს.

რამდენიმე აქტივისტს, რომელიც ძალის გამოყენებით გაათრიეს, სხეულის დაზიანებები აქვს, ასევე რამდენიმე დაკავებულია.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

 

კომენტარები