აქცია თბილისის საკრებულოსთან

"ვბრუნდებით საკრებულოსთან"-დღეს დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

TV Pirveli

დღეს თბილისის საკრებულოსთან დაკავებული 4 აქტივისტის სასამართლო პროცესი 20 დეკემბრამდე გადაიდო.   

როგორც ერთ-ერთი დაკავებული, თამარ კაკაბაძე წერს, ისინი საკრებულოსთან ბრუნდებიან. საკრებულოსთან აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრები ერეკლე კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას ითხოვენ.

საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ სამოქალაქო მოძრაობების "სირცხვილია" და "შეცვალე" აქტივისტები, თამარ კაკაბაძე, შუშანა მაცაბერიძე, ქეთი გელიაშვილი და ჯაბა კვარაცხელია დააკავა.  

მათ წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.   

საკრებულოში აქტივისტებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას ითხოვდნენ, რადგან მან საოკუპაციო ძალების მიერ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ "პროვოკატორები" და "იდიოტები" უწოდა.

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს - რამდენიმე გოგო კიბეებზე ათრიეს. 

რამდენიმე აქტივისტს, რომელიც ძალის გამოყენებით გაათრიეს, სხეულის დაზიანებები აქვს.

კომენტარები