ფსიქოლოგიური ძალადობა

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: წარწერა, რომელიც მოზარდმა მწვანე სკოლის კედელზე გააკეთა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, 15 წლის მოხარდის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

"ჩატარებული გამოძიების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს სახელმწიფო ისპექტორის სამსახური მიერ დაკავებული იქნა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძებელი მ.ჩ. სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს",-თქვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. 

15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას იაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს. 

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერდა, გამოკითხვის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციის ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. 

საიას ცნობით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა. მოზარდს "მწვანე სკოლის" შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე კითხავდნენ. მთავარი არხის ინფორმაციით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

როგორც საია წერს, გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

საიას ინფორმაციით, მოზარდი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მათი ინფორმაციით, ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. საია-ს ინფორმაციითვე, მოზარდი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, რომელსაც აწარმოებს სწორედ ის განყოფილება, სადაც საია-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანზე ხორციელდებოდა ძალადობა და იძულება. 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს უფლებამოსილება, საქმეზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, შეუჩერდათ. როგორც უწყების განცხადებაში წერია, უფლებამოსილების მათივე ინიციატივით შეუჩერდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მოზარდზე, რომელმაც გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები