მოზარდზე ზეწოლა

"ამ სისტემის დედაც" - 15 წლის ბიჭის გარდაცვალების გამო, შსს-სთან აქცია გაიმართება

"ამ სისტემის დედაც!" - ამ სახელწოდებით დღეს, 18 დეკემბერს, 19:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 15 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში“.

"15 წლის ლუკა სირაძემ თავი პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მოიკლა. დაკითხვის დროს, იგი პოლიციის მხრიდან ინტენსიურ ფსიქოლოგიურ ტერორსა და შეურაცხყოფას განიცდიდა. დაკითხვის დროს, ცუდად გახდომის გამო სასწრაფო დახმარების გამოძახებაც ითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

პოლიცია, რომელიც წესით მოქალაქეებს უნდა იცავდეს, ძალადობს ადამიანებზე. ლუკა სირაძე სისტემის პირველი მსხვერპლი არ არის - დემურ სტურუა, თემირლან მაჩალიკაშვილი, ზურაბ დადეშელი, ლევან აბზიანიძე და სხვები - პოლიციის მხრიდან გულგრილობისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

იცვლებიან მთავრობები და შს მინისტრები, სისტემა კი უცვლელად უგულო და ბოროტი რჩება. 19:00-ზე, შს სამინისტროსთან, გამჭვირვალე შენობასთან, რომელიც სისტემის დანაშაულებების დაფარვას მაინც ახერხებს - ჩვენ, მოქალაქეები შევიკრიბებით მდუმარედ. ამ ცხოვრების დედაც, ამ სისტემის დედაც, რომელიც 15 წლის ბავშვს ვერ იცავს“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

შსს-სთან აქცია წუხელაც გაიმართა. მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა რეგიონებშიც გააპროტესტეს.

კომენტარები