მოზარდზე ზეწოლა

პრემიერი: უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვის დანაშაულსაც დაადასტურებს ინსპექტორის სამსახური

მთავარი არხი

"უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი" - მოზარდის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრი გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს. 15 წლის ბიჭი პოლიციაში ორდღიანი გამოკითხვის შემდეგ, კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. ის ექვსი დღის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჩვენების იძულების მიღების ბრალდებით დააკავეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი.

პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებთ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე" - აცხადებს გახარია.

პრემიერმინისტრის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები". მისი განცხადებით, "ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ".

გიორგი გახარიამ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად.

"უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი" - ამბობს პრემიერი.

გიორგი გახარია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს ავალებს, "დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში", ხოლო იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.

"საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი. მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან" - აცხადებს გიორგი გახარია.

კომენტარები