მოზარდზე ზეწოლა

პარლამენტთან სკოლის მოსწავლეებმა აქცია გამართეს

პარლამენტის წინ სკოლის მოსწავლეებმა 15 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს.

" 9 საათიდან ვართ შეკრებილები პარლამენტთან იმისთვის, რომ პროტესტი გამოვთქვათ ჩვენ თანატოლზე გაწეული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.

ეს აქცია იმისთვისაა, რომ თვალი აეხილოს იმას ვინც დამნაშავეა. ის ტრაგედია, რაც მოხდა ძალიან სამწუხარია", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

"ამ სისტემის დედაც!" - ამ სახელწოდებით დღეს, 18 დეკემბერს, 19:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 15 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში".

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა. მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ. ოჯახის ცნობით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ცნობით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

საიას ინფორმაციით, მოზარდი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა - მას ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო თავად მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. საია-ს ინფორმაციითვე, მოზარდი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ მოზარდზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის დაკითხვის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

კომენტარები