15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის გამო ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ გახსნა გადაიდო

გიგა მაქარაშვილი

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში განათება გადაიდო. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, 21 დეკემბერს დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები მომდევნო კვირისთვის გადაიდო. 

"15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ არ აინთება," - წერს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. 

15 წლის მოზარდი, რომელმაც დაკითხვის დროს გამომძიებლების მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ის კომატოზურ მდგომარეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ მოზარდზე დაკითხვის დროს ზეწოლა არ განხორციელებულა, მისი გარდაცვალებიდან ერთ საათში გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის I ნაწილითაა აღძრული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 

კომენტარები