ბოკერია: ცინიკურია, რომ ბავშვის გარდაცვალებამდე შსს ამბობდა, რომ ზეწოლა არ ყოფილა

იმედი

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება, რომელმაც სამმართველოში დაკითხვის დროს გამომძიებლის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო, თავი მოიკლა.

ბოკერია გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. 

"არ შეიძლება, რომ ასეთ დროს თუნდაც და, შესაძლოა, განსაკუთრებით ასეთ დროს საზოგადოება სასოწარკვეთას მიეცეს, ამის უფლება არ გვაქვს. ჩვენი ვალია, რომ ასეთ დროს ვიფიქროთ იმაზე, როგორ აღარ მოხდეს ასეთი ტრაგედიები, ან როგორ უნდა შემცირდეს ასეთი ტრაგედიების რისკი,"- ამბობს ბოკერია. 

რაც შეეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობების საკითხს, ბოკერია ამბობს, რომ ევროპული საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ყოველთვის თავს იკავებდა მსგავსი ტრაგედიების დროს ხელისუფლებისთვის ტალახის სროლისგან, მიუხედავად იმისა, რომ მისივე განმარტებით, ასეთ დროს პასუხისმგებელი ყოველთვის ხელისუფლება და შინაგან საქმეთა მინისტრია. 

"თუმცა, როცა ბავშვს ეხება და ასეთი ამბავია, უნდა გაირკვეს. რამდენიმე დღე გვესმოდა, რომ იქ არანაირი პრობლემა არ ყოფილა დაკითხვის დროს და მას შემდეგ, რაც ბავშვი გარდაიცვალა, მაშინვე დააკავეს გამომძიებელი - ეს გამოიყურება ძალიან ცინიკურად. დანაშაული თუ მოხდა, დაკავების გარემოება ვერ იქნებოდა ის, ბავშვი გარდაიცვალა, თუ არა," - ამბობს ბოკერია.

დეპუტატი ასევე სხვადასხვა პროსახელისუფლებო გვერდებისა და მომხმარებლების მხრიდან Facebook-ზე დაწერილ პოსტებსა და კომენტარებს ეხმაურება, რომლებიც ცდილობენ, რომ მოზარდის თვითმკვლელობის შესახებ პასუხისმგებლობა სკოლასა და ოპონენტებზე გადაიტანონ. 

"სოციალურ ქსელებში ივანიშვილის მანქანაა ამუშავებული, რომ სრულიად უტიფრად და ძალიან ბინძურად ფოკუსი ხელისუფლების ოპონენტების როლსა ან სკოლაზე გადაიტანონ. 

ესეც ამაზრზენი ამბავია და ახლა მაინც შეწყვიტონ, დიდი სირცხვილია ეს ისევე, როგორც მთელი ეს კამპანია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ რატომ მოხდა პოლიციასთან დაკავშირება საერთოდ,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

ამასთან, ტრაგიკული ვითარების გამო 19 და 20 დეკემბერს დაგეგმილი აქცია-პიკეტები არ ჩატარდება. 

კომენტარები