14 დეკემბრის აქცია

ევროსაბჭოს თავმჯდომარეობისთვის ქვეყნის პრიორიტეტი ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულებაა

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის, რომელიც საქართველოს ანბანური პრინციპით მოუწია და რაც ქართული ოცნების გუნდმა 14 დეკემბერს მასშტაბური აქციით აღნიშნა, საქართველოს ერთერთი პრიორიტეტი ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულებაა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს ოთხი პრიორიტეტი აქვს განსაზღვრული: 

1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;

2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 

3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; 

4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობით;. 

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოს (Georgia) ანბანური პრინციპით 6 თვით ვადით საფრანგეთისგან გადაეცა (France). მმართველმა გუნდმა ამის აღსანიშნავად აქცია მასობრივი სამოქალაქო პროტესტის ფონზე დაგეგმა, რაც ქართული ოცნების მიერ დადებული პირობის არშესრულებასა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებამ გამოიწვია. 

ოპონენტები მიიჩნევდნენ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირების მცდელობა იყო. საქართველოში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია წერდა, რომ აქციისთვის მონაწილეების მობილიზება საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე ზეწოლით ხდებოდა. იმავეს ამბობდა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას თქმით, მას რეგიონებში ზეწოლის ფაქტები ფარულად დაუდასტურეს. 

კომენტარები