რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი: მსოფლიო ძალების ლიდერები სირიაში უსაფრთხო ზონის შექმნაში არ გვეხმარებიან

0 კომენტარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფოტო: Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ მსოფლიო ძალების ლიდერები თურქეთს სირიაში ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნაში დახმარებას არ უწევენ.

"ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ყველზე ძლიერად მიგვაჩნდა და ყველაზე მეტად ვცემდით პატივს, ჯერ-ჯერობით არ ეხმაურებიან ჩვენს მოწოდებას უსაფრთხო ზონის შექმნაზე და არ ამბობენ, რომ ჩაერთვებიან მასში." თქვა ერდოღანმა ჟენევაში მიგრანტთა გლობალურ ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

თურქეთის პრეზიდენტი ასევე ირწმუნება, რომ 600,000-მდე მიგრანტი მოხალისეობრივად შეუერთდება "მშვიდობის ზონაში" უკვე დაბრუნებულ 371,000-მდე ადამიანს.

"თუ ამას წარმატებით შევასრულებთ, ისტორიაში შევა როგორც კარგი მაგალითი. იტყვიან "თურქეთმა მიგრანტებისათვის ქალაქები შექმნა". ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პროექტი დიდებულია." თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით თურქეთი ქვეყანაში მყოფი სირიელი მიგრანტების ჩრდილოეთ სირიაში დაბრუნებას ძალის გამოყენებით და მოტყუებით ცდილობს.

ორგანიზაციის თქმით აღრიცხეს სულ მცირე 20 შემთხვევა აქვთ აღრიცხული, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ სირიელ მიგრანტებს დაბრუნება აიძულა. გარდა ამისა არის შემთხვევები, როდესაც მიგრანტებს მოტყუებით აწერინებენ ხელს "საკუთარი სურვილით დაბრუნების" შეთანხმებაზე.

მიგრანტების დეპორტაცია სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდეც დაიწყო, რამაც შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ქვეყანაში უსაფრთხო სიტუაცია ამ დრომდე არ არის. თურქეთი ირწმუნება, რომ ისინი სირიაში საკუთარი სურვილით ბრუნდებიან. მათი მონაცემებით "საკუთარი სურვილით" უკვე 300,000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა სირიაში.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ევროკავშირთან 2016 წელს მიღწეული შეთანხმების შედეგად 6 მილიარდ ევროს იღებს მიგრანტების ხარჯების ნაწილობრივ დასაფარად, ერდოღანი ევროკავშირს არაერთხელ დაემუქრა, რომ მათი მხრიდან არასაკმარისი დახმარების გამო მიგრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში გაუშვებდა.

Amnesty International-ის ანგარიში ივლისიდან სექტემბრამდე დეპორტირებულ მიგრანტებთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეყრდნობა. მიგრანტები ყვებიან, რომ თურქეთი მიგრანტებს ხელბორკილებით და სპეციალური ავტობუსებით აბრუნებდა სირიაში ჯერ კიდევ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. მიგრანტების ნაწილი ყვება, რომ ისინი ცემეს და დააშინეს, რათა "საკუთარი სურვილით დაბრუნების" დოკუმეტნზე მოეწერათ ხელი, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დარჩენის სურვილი გამოხატეს. მათი ნაწილი ყვება, რომ სირიაში დაბრუნებაზე უარის თქმის შემთხვევაში პატიმრობით ემუქრებოდნენ. ორგანიზაციის ანგარიშში მოყვანილია მაგალითები, როდესაც სირიაში დაბრუნების შემდეგ მიგრანტები ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, ალ-ნუსრას ფრონტმა დააკავა.

დეპორტაციების ოფიციალური სტატისტიკა ამ დრომდე არ არსებობს.

თურქეთში ამჟამად 3.6 მილიონამდე სირიელი მიგრანტია. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიაში ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნის ოპერაციის მიზანია იქ 2 მილიონამდე მიგრანტი დააბრუნონ.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები