მოზარდზე ზეწოლა

ჯანდაცვის მინისტრი: სისტემური ხარვეზია, არ შეიძლება პასუხისმგებლობის 1 ადამიანზე დაკისრება

საქართველოს მთავრობა

"ვთვლი, რომ ეს არის სისტემური ხარვეზი და არ შეიძლება, პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პიროვნებას" - ამის შესახებ 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ჩემთვის ეს ნამდვილად იყო ძალიან ემოციური, მე ვარ მოზარდის დედა, ჩემი შვილიც, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ ემოციური ამ ფაქტის მიმართ. ეს იყო ჩემთვის ძალიან ძნელი. მე აუცილებლად ვითანამშრომლებ სხვადასხვა უწყებებთან. ეს არის სისტემური ხარვეზი და არ შეიძლება, პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პიროვნებას. ჩვენ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს სისტემურად. ეს არის ერის ტრაგედია და ამ შემთხვევაში, არ არსებობს მთავრობისა და ოპოზიციის გუნდი. ჩვენ ამის წინააღმდეგ  უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ერის მომავალი“, - ამბობს ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში სოციალური მუშაკების ჩართულობა.

"ჩვენს როლს ამ კუთხით ვხედავთ სოციალური მუშაკების ჩართულობით სკოლებში. მეტ-ნაკლები შეხება ჩვენს უწყებას ჰქონდა საჯარო სკოლებთან და არ გვქონია კერძო სექტორის  სკოლებთან. მნიშვნელოვანი არის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების ჩართულობა, რათა გამოვლინდეს ის ხარვეზები, რომელიც სკოლაში არსებობს, ეს იქნება პედაგოგების მხრიდან მოსწავლეთა მიმართებით თუ თვითონ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი. ის ტრაგედია, რომელიც უკვე დადგა აღარ უნდა განმეორდეს“, - ამბობს მინისტრი. 

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა. მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ. ოჯახის ცნობით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

საიას ინფორმაციით, მოზარდს ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო თავად მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. საია-ს ინფორმაციითვე, მოზარდი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ მოზარდზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის დაკითხვის დროს ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. საია-ს მტკიცებით, მოზარდზე ზეწოლას კიდევ მინიმუმ სამი პოლიციელი ახდენდა, თუმცა, სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, ამ ეტაპზე, დანაშაულის ნიშნები მხოლოდ ჩოლოიანის მიმართ გამოიკვეთა.

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების მეორე დღეს, 18 დეკემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, "დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად" და "უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი". გარდა ამისა, გიორგი გახარია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს ავალებს, "დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში", ხოლო იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.

კომენტარები