ისტორიით სავსე ქალაქი

დემონსტრანტებმა საახალწლო წარწერას "ისტორიით სავსე თბილისი" შავი ლენტი შემოაკრეს

დემონსტრანტებმა თავისუფლების მოედანზე საახალწლო წარწერას "ისტორიით სავსე თბილისი" შავი ლენტი შემოაკრეს.

მოძრაობა "გაბედეს" წევრების თქმით, "თბილისი სიკვდილით და ტკივილით სავსე ქალაქად იქცა, ამიტომ მომდევნო რამდენიმე გლოვის დღეებად უნდა გამოცხადდეს". 

თავისუფლების მოედანზე, სადაც ყოველ წელს ნაძვის ხე ეწყობა, მერიამ წარწერა "ისტორიით სავსე ქალაქი" დაამონტაჟა.

მერიის პრესსამსახურის განმარტებით, 2020 წლის სლოგანია არა "სიცოცხლით სავსე ქალაქი", არამედ "ისტორიებით სავსე თბილისი".

"მესმის, რთული და მძიმე ემოციებით სავსე დღეებია ყველასთვის, მაგრამ არსებობს მორალი, ზნეობა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება იგივე ჩვენი შვილების წინაშე, მათი მომავლის წინაშე და არ გვაქვს უფლება მავანთა პოლიტიკურ ინტერესებს თვალი დავუხუჭოთ" - წერს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მა თოქმაჯიშვილი.

წელს, თბილისის მერიამ ჯამში 2.8 მილიონ ლარამდე დახარჯა ნაძვის ხესა და განათებებში.

მერია 1 250 000 ლარს უხდის კომპანია IDO SRL-ს ქუჩების გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებში. ამის გარდა, დამატებით 455 000-ლარიანი კონტრაქტი გაფორმდა იმავე კომპანიასთან სხვა განათებებსა და ნათურებში.

ნაძვის ხეში კი, ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი იხარჯება - მისი ღირებულება 305 ათასი ევროა.

IDO SRL იტალიური კომპანიაა და ერთადერთია, რომელიც ტენდერებში მონაწილეობდა.

კომენტარები