ლუკა სირაძის საქმე

ომბუდსმენი: სახელმწიფო ინსპექტორი დაგვპირდა, რომ მოზარდის საქმის მასალებზე წვდომა გვექნება

0 კომენტარი

დღეს 18 დეკემბერს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა. შეხვედრის მიზანი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტობრივი გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება იყო. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორისგან დაპირება მიიღო, რომ მას საქმის მასალებზე წვდომა ექნება.

"სახალხო დამცველი სრულად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და თვალს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას," - ვკითხულობთ ომბუდსმენის აპარატის facebook გვერდზე. აქ ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი მომხდარ ფაქტს სისტემურ პრობლემად აფასებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევით ჩაატარა, "პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილისა და სხვა ბავშვებისთვის არა თუ კეთილგანწყობილი, არამედ პირიქით, მტრული გარემო იყო შექმნილი; ამიტომ ბავშვები ვერ გრძნობდნენ თავს დაცულად, რაც შეიძლება მათზე ზეწოლად ჩაითვალოს."

სახალხო დამცველი ასევე დაინტერესდა, იცოდნენ, თუ არა არასრულწლოვნებმა, რომ მათი მისვლა მოწმის სტატუსით დაკითხვისას ნებაყოფლობითი იყო.

„სახალხო დამცველი სწავლობს ამ საქმეს, არამხოლოდ იმ ჭრილში, თუ როგორ მოექცნენ მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, არამედ ამ საქმეს ჩვენ ვუყურებთ კომპლექსურად. გვაინტერესებს რა იყო წინარე ისტორია და როგორ მოიქცა სკოლა. აპარატი, შეაფასებს რატომ არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით,“ - თქვა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ.

აპარატის ცნობით, საქმის შესწავლა და მიზეზების დადგენა თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტის შეტყობისთანავე დაიწყეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები