15 წლის მოზარდის თვითმკვლელობა

ადვოკატი: სკოლის დაცვის უფროსი წერს, რომ ლუკას ძმისთვის პრობლემის შექმნით ემუქრებოდნენ

0 კომენტარი
ფოტო: საია

15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახისა და საია-ს ადვოკატის, რეზი აჭარაძის თქმით, მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი ჩვენებაში ადასტურებს, რომ პოლიციელები ლუკას მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ.

ამის შესახებ რეზი აჭარაძე ტაბულას ესაუბრა.

"რომ გავეცანი საქმის მასალებს, პირველ რიგში 12 დეკემბერს მიცემული დედის ჩვენებას, სადაც წერია, როგორ ეუბნებოდნენ ლუკას რომ მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები სასწავლებელში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მუქარა, რამაც იმოქმედა ამ ბავშვზე ასე მძიმედ.

უშუალოდ 16 დეკემბერს გამოკითხული არის სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც თავის ჩვენებაში ამბობს რომ ფაქტობრივად დაესწრო გამოკითხვას, იმავე დარბაზში იმყოფებოდა, სადაც ლუკას კითხავდნენ და მისი განმარტებით, 3-4 პოლიციელი, მათ შორის მარიანე [ჩოლოიანი] ეუბნებოდნენ ლუკას, რომ თუკი ის არ აღიარებდა, მის ძმას ბექას პრობლემები შეექმნებოდა. ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, სრულად დაემთხვა იმ რეალობას, რაც დედამ აღწერა. აქედან გამომდინარე, უკვე ორი მოწმე არის მინიმუმ ამ ეტაპისთვის, ვინც ამბობს რომ ლუკას მიმართ მუქარა და ძალადობა ხორციელდებოდა განყოფილებაში. იგივე სიტყვები გაიმეორა პრაქტიკულად, რაც დედამ.", - გვითხრა რეზი აჭარაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი აქამდეც საუბრობდნენ, რომ გამოკითხვის დროს 15 წლის მოზარდზე ზეწოლას ახდენდნენ და ემუქრებოდნენ.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ საია-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". საია-ს ინფორმაციითვე, მოზარდი გამოკითხვაზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს.

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები