მოზარდზე ძალადობა

პრემიერი მოზარდის თვითმკვლელობაზე: დარწმუნებული ვარ, არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გამოძიების შედეგად, 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე თქვა.

"კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. 

დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში.

შესაბამისი დავალება მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან" - ამბობს პრემიერი.

გიორგი გახარიას თქმით, "ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები, უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამის უწყებებს". მან აღნიშნა, რომ პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვების სივრცის შექმნის თვალსაზრისით.

"ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებასთან ერთად, უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. ასევე, იუსტიციის სამინისტრომ უნადა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე მაშინ, როცა სამართალდამცავ სისტემასთან აქვთ შეხება, ეს ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია. და, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემებზე, რომლებიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან მუშაობას ეხება.

ასევე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, პროაქტიულად, პრევენციულად იმ პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომლებიც სკოლაში მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს იდენტიფიცირებული. ეს არის ის მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ სისტემურად უნდა ვიმუშაოთ და ეს არის ის მიმართულებები, რომლებზეც უნდა სწრაფი შედეგი დავაყენოთ" - აცხადებს პრემიერი.

გიორგი გახარიას შეფასებითვე, "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თუმცა ჩვენ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ უფრო სწრაფად". მისი თქმით, დღეს ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა "ამ პრობლემატიკაზე", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენლები.

"ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როდესაც ჩვენ კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები. ვფიქრობ, დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი,. რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები" - ამბობს გახარია.

--

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

ადვოკატ რეზი აჭარაძის თქმით, დედის გარდა, ჩვენებაში მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ პოლიციელები ლუკა სირაძეს ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო "ძველი სტილის დაკითხვა" და ლუკა სირაძეს სხვა არასრულწლოვანიც დაუპირისპირეს. ამას ამ დრომდე უარყოფს გამომძიებელი. 

"არასრულწლოვნები ჰყავდათ დაბარებული განყოფილებაში და ერთმანეთს დააპირისპირეს, რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა" - ამბობს ადვოკატი.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები