მოზარდზე ძალადობა

კილაძე მოზარდის თვითმკვლელობაზე: ენმ-ის შემდეგ პოლიცია სერიოზულად გაჰუმანურდა

0 კომენტარი
სოფიო კილაძე ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის შემდეგ პოლიცია "სერიოზულად გაჰუმანურდა" და სისტემა წლიდან წლამდე "ჯანსაღდება". 

"იმდენად მძიმე თემაზე ვსაუბრობთ დღეს, ბავშვი არის გარდაცვლილი, აქ ახლა ხელისუფლების მიღწევებზე საუბარი ამ ბავშვს ვერც გააცოცხლებს, მაგრამ რომ დავრჩეთ იგივე რეალობის ფარგლებში, ვერ ვიტყვით, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს რა პოლიციაც იყო, ზუსტად ის პოლიცია არის ახლა. სერიოზულად გაჰუმანურდა მიდგომებიც, სერიოზული ცვლილებები არის, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით" - ამბობს კილაძე. 

კილაძეს თქმით, სისტემამ ვერ იმუშავა "ამ ბავშვთან დაკავშირებით", მაგრამ ახლა სისტემაზე საუბარი "ამ ბავშვს ვერ გააცოცხლებს". 

--

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

ადვოკატ რეზი აჭარაძის თქმით, დედის გარდა, ჩვენებაში მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ პოლიციელები ლუკა სირაძეს ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო "ძველი სტილის დაკითხვა" და ლუკა სირაძეს სხვა არასრულწლოვანიც დაუპირისპირეს. ამას ამ დრომდე უარყოფს გამომძიებელი. 

"არასრულწლოვნები ჰყავდათ დაბარებული განყოფილებაში და ერთმანეთს დააპირისპირეს, რამაც ორივე მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა" - ამბობს ადვოკატი.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღის წინ ამტკიცებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები