რუსთავი

ადვოკატ მამუკა შაქარაშვილის კოლეგები პოლიციას რუსთავში მის ცემაში ადანაშაულებენ

მთავარი

ადვოკატ მამუკა შაქარაშვილის კოლეგები პოლიციას რუსთავში მის ცემაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, ადვოკატი კლინიკაშია გადაყვანილი.

ადვოკატების ინფორმაციით, პოლიციელმა შაქარაშვილი სკამზე ბორკილებით დააბა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. მათი თქმით, შაქარაშვილი საკუთარი სიძისა და შვილის სახლში მივიდა, სადაც სამართალდამცავები ჩხრეკის ჩასატარებლად იყვნენ.  

"როდესაც მამუკა საკუთარ სახლში მივიდა, რათა საგამოძებო მოქმედებაში გარკვეულიყო, ამან გამოიწვია პოლიციელების აგრესია. ის მომენტალურად დააკავეს, სკამზე დასვეს, ხელები ხელბორკილებით შეუკრეს და გამეტებით ურტყამდნენ. ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გააჩნია, აშკარაა",-უთხრა "მთავარს" ადვოკატმა, ნაირა ოტიაშვილმა. 

ადვოკატ ვასილ მამუკაშვილის თქმით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ 112-ში შეტყობინება შევიდა, თუმცა ადგილზე სამართალდამცველები არ გამოჩენილან. მისივე თქმით, პოლიციელები მითითებას ელოდებიან, გამოცხადდნენ თუ არა.

ტაბულას შსს-ში არ პასუხობენ, დაიწყო თუ არა გამოძება სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. როგორც შსს-ში ამბობენ, ადვოკატი მამუკა შაქარაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ადვოკატი უკვე გათავისუფლდა.

კომენტარები