საბანკო რეგულაციები

ეროვნული ბანკი მარტისთვის საბანკო რეგულაციების შერბილებას გეგმავს

ტაბულა

ეროვნული ბანკი 2020 წლის მარტისთვის გეგმავს, საბანკო რეგულაციები შეარბილოს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც ხელს აწერენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

"2020 წლის მარტისთვის ვგეგმავთ მომხმარებლების დაკრედიტების რეგულაციის ოპტიმიზებას პრინციპებზე დაფუძნებული ხასიათის გაძლიერებით. ბანკებს მეტი მოქნილობის უფლებას მივცემთ მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული რისკების მართვაში, მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის შემოსავლის ჩარჩოების შემცირებით. ამასთან, ჩვენ წარვადგენთ უფრო რისკების მართვის უფრო ქმედით მოთხოვნებს კონკრეტულად მომხმარებლების დაკრედიტებისთვის." - ვკითხულობთ განცხადებაში.

საბანკო რეგულაციების შერბილებაზე დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ რეგულაციების ლიბერალიზაცია იგეგმება, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება.

კომენტარები