15 წლის მოზარდის გარდაცვალება

ინსპექტორი მწვანე სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სახელმწიფო ინსპექტორი მწვანე სკოლაში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის

სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ უწყება მწვანე სკოლაში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.

როგორც ოთარ ჩახუნაშვილმა მწვანე სკოლაში შესვლამდე აღნიშნა, ამის მიზეზი ის არის, რომ გამოიკვეთა "სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის, მათ შორის გავრცელების, წესების დარღვევის ნიშნები".

ინსპექტორის წარმომადგენლის თქმით, გატარებული ღონისძიებების და არსებული შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მაშინ ეცნობება, როცა არსებული შედეგები ექნებათ ხელთ. მან აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიერების შემოწმება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება. 

"კამერების ამოღებას ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვახორციელებთ, მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კუთხით, რომელიც ეხება არასრულწლოვნების პერსონალურ მონაცემებს. ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით მოკლებული ვართ შესაძლებლობას კონკრეტული ინფორმაცია გითხრათ. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა გამოძიების შედეგად გამოკვლეული გარემოებები. ასევე, მედია საშუალებების მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია. დამატებით შედეგებს აუცილებლად საზოგადოებას ვაცნობებთ დამატებით, როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი, შეგახსენებთ, რომ ადგენს კონკრეტულ წესებს და პირობებს რა შემთხვევაში არის დასაშვები ვიდეოთვალთვალი სწორედ ამ კანონმდებლობით დადგენილ წესებს შეისწავლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური", - ამბობს ოთარ ჩახუნაშვილი.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იყო.

იმავე დღეს, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლელობა მისმა ერთ-ერთმა თანატოლმაც სცადა. ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გუშინ, 18 დეკემბერს დაადასტურა. თუმცა, დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

15 წლის ლუკა სირაძემ თავისი ყოფილი სასწავლებლის, "მწვანე სკოლის" კედლებზე "უცენზურო" წარწერები გააკეთა.

საია-ს ინფორმაციით, მოზარდს გამომძიებელი "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რამე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, 17 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება ჩოლოიანს სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას - ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები