ვოლსკი: რა უფლება გვაქვს სკოლას და პოლიციას შორის ვარჩიოთ მტყუანი და მართალი

ტაბულა

"თავად სკოლის დირექცია თვლის თავის თავს დამნაშავედ და ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ სკოლას, პედაგოგიურ კოლექტივს და პოლიციას შორის ვარჩიოთ, ვინ მტყუანია და ვინ მართალია", - ამბობს უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ სად ხედავს უმრავლესობის ლიდერი პრობლემას მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით, ვოლსკი პასუხობს, რომ პრობლემა გაუნათლებლობაა, - "პრობლემას ვხედავ გაუნათლებლობაში, მათ შორის, იმ ადამიანების, ვინც თავს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს ეძახიან. მოუსმინეთ რას ლაპარაკობს ხალხი, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ახალგაზრდებთან გარდამტეხ პერიოდში.

გერმანიაში სამუშაო ადგილების დეფიციტი კი არ არის, სამუშაო ძალის დეფიციტია და ყოველ წელს რამდენიმე ასეული ახალგაზრდა იკლავს თავს გარდამტეხ პერიოდში. ეს გლობალური პრობლემაა, რომელსაც ესეთი მიდგომა, რომ მაინცდამაინც პიროვნება გამოაჭენო წინ, დააბრალო და ყველა ცოდვა ჩამოკიდო, არის ყველაზე ცუდი გზა, რომელიც შეიძლება ავირჩიოთ ამ შემთხვევაში", - ამბობს გია ვოლსკი.

ვოლსკის განმარტებით, მედიასა და პოლიტიკურ სივრცეში ამ საკითხს პროფესიონალური მიდგომა სჭირდება და ოპოზიცია მომხდარი უბედურების ფონზე, ცდილობს "რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სარგებელი მიიღოს".

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სირაძემ ყოფილი სასწავლებლის "მწვანე სკოლის" კედლებზე რამდენიმე წარწერა გააკეთა, მათ შორის "ამ ცხოვრების დედაც". 

საია-ს ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რაიმე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

თუმცა, მოზარდის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ საათში დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება მას ჩვენების მიცემის იძულებას ედავება. 

კომენტარები