პოლიციელის დაჭრა

წყარო შსს-დან: პოლიციელზე თავდამსხმელი კრიმინალური სამყაროდანაა და სავარაუდოდ "ქურდობა" სურს

ინფორმირებულმა წყარომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ტაბულას უთხრა, რომ პირს, რომელიც ბათუმში პოლიციელი დაჭრა, ე.წ კანონიერი ქურდობა სურს და დანაშაულიც სწორედ ამიტომ ჩაიდინა.

მისი თქმით, პოლიცია ამუშავებს ვერსიას, რომ ბრალდებული გელა ჭაღალიძე​ ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, ლავასოღისთან და თამაზ ქარცივაძესთან, იგივე კუსასთან დაახლოებული პირი იყო და ე.წ კანონიერი ქურდის სტატუსის მოპოვებას პოლიციელის დაჭრითა და ციხეში მოხვედრით ცდილობდა.

მისივე თქმით, ჭაღალიძე ამ დრომდე დაპატიმრებული არ ყოფილა და მისი ყველა დანაშაული ადმინისტრაციული სამართალდარღვევად კვალიფიცირდებოდა.

წყარო ამბობს, რომ პოლიციელის დაჭრა როგორც ციხეში მოსახვედრად, ისე "ქურდის" წოდების მისაღებად კრიმინალურ წრეებში "საუკეთესო ხერხად" ითვლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ მათ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის გარდა სხვა ცნობებს ვერ მოგვაწვდის და ვერც ჩვენს ინფორმაციას დაგვიდასტურებს.

პოლიციელი კისრის არეში ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ, 18 დეკემბერს, საღამოს დაჭრეს. დაკავებულია 1 ადამიანი. ღრმა ჭრილობა ბასრი იარაღით იყო მიყენებული.

თავდასხმის კადრები "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ მოქალაქე პატრულის მანქანას აჩერებს, შემდეგ მანქანიდან გადმოსულ პოლიციელს თავს ესხმის, დაჭრილი პოლიციელის მეწყვილე კი მას ადგილზევე აკავებს.

კომენტარები