15 წლის მოზარდის გარდაცვალება

თურნავა მოზარდის საქმეში შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე: თავი შევიკავოთ პოლიტიზებისგან

ნათია თურნავა
ტვ იმედი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი არ პასუხობს კითხვას, ხედავს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობას 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეში.

"თავი შევიკავოთ ამ საკითხის პოლიტიზებისგან", - თქვა ნათია თურნავამ.

ტაბულას კითხვას იმის შესახებ, რომ მოზარდმა თავი სწორედ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მოიკლა, ეკონომიკის მინისტრი შემდეგი რეპლიკით პასუხობს:

"თქვენ პროკურორი ბრძანდებით?!".

მანამდე, ნათია თურნავამ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ყველა უწყება, ვისაც შეხება აქვს მოზარდებთან, თავის პრაქტიკას გადახედავს.

"პირველ რიგში, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, არა მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ძალიან მიჭირს, როგორ შეიძლება მშობელს შეუმსუბუქო შვილის ასეთი ტრაგიკული დაკარგვა. ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. მეც, პირადად, როგორც მთავრობის წევრი, როგორც დედა ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ლუკას გარდაცვალების გამო. ზოგადად ეს არის პრობლემა, ამ პრობლემაზე ყველა სახელმწიფო უწყება თავ-თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ფიქრობს და ზრუნავს, ვსაუბრობ მოზარდებთან ურთიერთობის პრობლემაზე. ყველა უწყება ვისაც რაიმე შეხება აქვს ზოგადად მოზარდებთან, გადახედავს თავის პრაქტიკას და არსებულ პრობლემებს", - თქვა მინისტრმა.

15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

ადვოკატ რევაზ აჭარაძის თქმით, დედის გარდა, ჩვენებაში მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ პოლიციელები ლუკა სირაძეს ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ასევე, ადვოკატის მტკიცებით და ახლა უკვე პროკურატურის ინფორმაციითაც, ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდმა სკოლის მოხატვა არ აღიარა, არასრულწლოვნები ერთმანეთს დაუპირისპირეს.

მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას გულისხმობს, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე.

კომენტარები