მოზარდზე ზეწოლა

ადვოკატი: მარიანა ჩოლოიანმა ჟესტიკულაციით მიგვახვედრა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს

15 წლის ლუკა სირაძისგან ჩვენების იძულებით მიღების საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. გამომძიებლის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, ჩოლოიანმა ჟესტიკულაციით მიახვედრა დაცვის მხარე, რომ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

"კონკრეტული დიაგნოზი, თუ რა სჭირს, ამას მალე შევიტყობთ. უშუალოდ ექიმი ფიზიკურად ვერ ვნახეთ, რაც შეეხება დამხმარე პერსონალს, სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ და შესაბამისად, ფაქტი არის ის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ ადამიანმა ვერ შეძლო ელემენტარულად ხელის მოწერა. მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ორგანომ წარუდგინა ბრალი, მან რეალურად ჟესტიკულაციის გამოყენებით მიგვახვედრა, რომ იგი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს" - ამბობს მოსიაშვილი.

მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. ის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაკითხვის დროს ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა 15 წლის ლუკა სირაძის დაკითხვისას, არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და სირაძეს დანაშაულის აღიარება მოსთხოვა.

"უარის შემდეგ, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს," - წერია განცხადებაში და განმარტებულია, რომ ჩოლოიანს ბრალი აქვს წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იყო. იმავე დღეს, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლელობა მისმა ერთ-ერთმა თანატოლმაც სცადა. ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გუშინ, 18 დეკემბერს დაადასტურა. თუმცა, დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

15 წლის ლუკა სირაძემ თავისი ყოფილი სასწავლებლის, "მწვანე სკოლის" კედლებზე "უცენზურო" წარწერები გააკეთა. სწორედ "ამ დანაშაულის" აღიარებას სთხოვდნენ არასრულწლოვანს. 

კომენტარები