რუსული კულტურის ცენტრი

ბაქრაძე რუსულ ცენტრის გახსნაზე: არ გამიკვირდება, სიმართლე იყოს და ხელისუფლება მალავდეს

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის, დავით ბაქრაძის, თქმით, მას არ შეუძლია დაადასტუროს, ნამდვილად გაიხსნა თუ არა საქართველოში რუსული კულტურის ცენტრი, თუმცა მისივე განმარტებით, თუ ასეა, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მხარე ინფორმაციას მალავს. მაგალითად მას ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრა მოჰყავ. 

"არ გამიკვირდება ნამდვილად, რომ ეს იყოს სიმართლე და საქართველოს ხელისუფლება მალავდეს და ვიგებდეთ რუსეთისგან. თუ ეს სიმართლეა და თუ კულტურის ცენტრი გახსნილია შვეიცარიის სექციაში რუსულ წარმომადგენლობაში, მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე,"- ამბობს ბაქრაძე.

დეპუტატი განმარტავს, რომ დიპლომატიური პროტოკოლის მიხედვით, შვეიცარიის საელჩო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრის გახსნამდე ნოტით სთხოვდა თანხმობას. 

SOVA NEWS-ის ცნობით, თბილისში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურების საფარი ორგანიზაცია, რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი გაიხსნა, თუმცა რუსეთთან მოლაპარაკებებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. 

თუმცა, ფონდის "რუსული სამყარო" ვებგვერდზე, რომელიც ამ ცენტრების სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობას უზრუნველყოფს, ვებგვერდზე მითითებულია, რომ თბილისში რუსული კულტურის ცენტრი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების დეპარტამენტში მდებარეობს. 

ცენტრის გახსნა აბაშიძე-კარასინის პრაღაში ბოლო შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო სამინისტროს ყოფილმა მოადგილემ, სენატორმა, გრიგორი კარასინმა, რუსულ მედიასთან დააანონსა. 

რუსულ კულტურულ ცენტრებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს საბჭოთა კავშირიდან იღებს. საქართველოში არსებული მსგავსი ორგანოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე კი სწორედ ზურაბ აბაშიძე იყო. 

რუსული კულტურული ცენტრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ოფიციალურად, მათი მიზანი ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა, რაც მათ შორის, მოიცავს ენის შესწავლას, გაცვლით კურსებსა და საჯარო ღონისძიებების სერიებს, როგორიცაა ფილმების ჩვენებები, კონცერტები, წიგნების პრეზენტაციები და ა.შ.

თუმცა, არაერთი ქვეყნის გამოცდილება მოწმობს, რომ ასეთი ცენტრები რუსეთისთვის საგარეო დაზვერვის მუშაობის საფარად გამოიყენება.

ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები