პოლიციელის დაჭრა

ბათუმში დაჭრილი პოლიციელი მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

გუშინ, 18 დეკემბერს, დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ ტაბულას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა უთხრა.

"ამ წუთში დადებითი დინამიკა გვაქვს. გუშინ ჩავატარეთ ოპერაცია, იმედიანად ვართ. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ხელოვნურ სუნთქვაზე გვყავს ჯერჯერობით, აპარატზე", - ამბობს მალხაზ ხალვაში.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი კისრის არეში 18 დეკემბერს დაჭრეს. რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, ჭრილობა ბასრი იარაღით, კისრის არეში იყო მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, ერთი პირი უკვე დაკავებულია. უწყებაში ამბობენ, რომ პატრულ-ინსპექტორი მეწყვილესთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც მოქალაქემ გააჩერა და დაჭრა. ბრალდებული ადგილზე სწორედ დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დააკავა. ის მოტივზე არ საუბრობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

გარდა ამისა, ინფორმირებულმა წყარომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ტაბულას უთხრა, რომ პირს, რომელიც ბათუმში პოლიციელი დაჭრა, ე.წ კანონიერი ქურდობა სურს და დანაშაულიც სწორედ ამიტომ ჩაიდინა.

კომენტარები