დიდი ბრიტანეთი

დედოფლის სიტყვა: მთავრობის პრიორიტეტია ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან 31 იანვარს

0 კომენტარი

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ახლადარჩეულ პარლამენტს სიტყვით მიმართა და ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა:

"ჩემი მთავრობის პრიორიტეტია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან 31 იანვარს გასვლა. ჩემი მინისტრები წარმოადგენენ კანონს, რათა უზრუნველყონ დიდი ბრიტანეთის გასვლა ამ დღეს და მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები, რასაც ეს ქმნის ყველა ბრიტანელისათვის. ამის შემდეგ, ჩემი მინისტრები იმუშავებენ სამომავლო ურთიერთობებზე ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დაყრდნობით, რაც სარგებელს მოუტანს მთელს ბრიტანეთს. ისინი სავაჭრო მოლაპარაკებებს დაიწყებენ ეკონომიკურად მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებთან." თქვა დედოფალმა.

მან ქვეყნის შიდა რეფორმებზეც ისაუბრა, მათ შორის ჯანდაცვის, უსაფრთხოების და იუსტიციის. ლონდონის ხიდზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, დედოფალმა თქვა, რომ ახალი კანონებით, რომელზეც ბრიტანეთის მთავრობა მუშაობს, ძალადობრივ დანაშაულში ბრალდებულები და ტერორისტები უფრო ხანგრძლივ სასჯელს მოიხდიან.

თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე მოკლა. მას ყალბი ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა და დანით იყო შეიარაღებული. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ის 28 წლის უსმან ხანი იყო, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ციხეში იჯდა, თუმცა ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს.

დედოფლის ტრადიციული სიტყვის შემდეგ ბრიტანეთის პარლამენტის ახალი შემადგენლობით მუშაობას შეუდგება.

ხვალ ბორის ჯონსონის მიერ ევროკავშირთან შეთანხმებულ ბრექსითის გეგმას განიხილავენ. მოსალოდნელია, რომ ამჯერად გეგმა მხარდაჭერას მოიოპვებს და შესაბამისად დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს.

12 დეკემბერს ბრიტანეთში ჩატარებულ ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში 364 ადგილი მოიპოვა, რაც გასული არჩევნების მაჩვენებელზე 47 ადგილით მეტია, ხოლო უმრავლესობისათვის საჭირო რაოდენობაზე 38 ადგილით მეტი.

კორბინის ლეიბორისტულმა პარტიამ მხოლოდ 203 ადგილის მოპოვება შეძლო, რაც 59 ადგილით ნაკლებია წინა მაჩვენებელზე. ეს 1935 წლის შემდეგ პარტიისათვის ყველაზე ცუდი შედეგია.

დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ჯონსონის მთავრობა ბრექსითის კანონში ახალი პუნქტის ჩამატებას გეგმავს, რომელიც პარლამენტის მიერ ევროკავშირიდან გასვლის გახანგრძლივებას 2020 წლის შემდეგ არალეგალურს გახდის.

ამჟამად შეთანხმებაში ბრექსითის შემდგომი პერიოდის დასასრულად 2020 წლის დეკემბერია განსაზღვრული, თუმცა მხარეების შეთანხმების შემთხვევაში დამატებით 2 წლამდე გახანგრძლივებაა შესაძლებელი.

თემთა პალატა ცვლილებას მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს. ცვლილების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ეს ევროკავშირიდან სავაჭრო შეთანხმების გარეშე გასვლის რისკს ზრდის.

წინასაარჩევნოდ პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ კონსერვატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ბრექსითის პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდებოდა.

დამაჯერებელი გამარჯვების და უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ჯონსონი ახალ პარლამენტს ბრექსითის გეგმას კენჭისყრისათვის 20 დეკემბერს წარუდგენს. მოსალოდნელია, რომ ამჯერად მისი გეგმა საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს და ბრიტანეთი ევროკავშირის წევრობას 31 იანვარს დაასრულებს.

ამის შემდეგ მთავრობას ბრიუსელთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებებისათვის ზუსტად ერთი წელი ექნება. შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში სავაჭრო ურთიერთობები ავტომატურად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული პირობებით წარიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები