ქართული ოცნება

"ოცნების" დეპუტატები კინზინგერს შეხვდნენ: "ვაგრძელებთ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას"

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, კერძოდ კი, უმრავლესობის წევრები, ვაშინგტონში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრსმენ ადამ კინზინგერს შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ შეხვედრის შემდეგ კონგრესმენების მთავრობისადმი კრიტიკული წერილის შესახებ გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ დესტრუქციული ოპოზიციის საპასუხოდ, ისინი აგრძელებენ პარტნიორებისთვის "ობიექტური ინფორმაციის" მიწოდებას.

"რაც შეეხება კონგრესმენების წერილს, მასში იგრძნობა საქართველოს მხარდაჭერის და გულშემატკივრობის სულისკვეთება, რასაც ყველა ძალიან ვაფასებთ. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად განაპირობებს ვაშინგტონში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდებას.  რადიკალური ოპოზიციის მიერ, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის დაზიანების დესტრუქციული ნაბიჯების და მიზანმიმართული მცდელობის საპასუხოდ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიურ რეჟიმში კომუნიკაციას და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მათთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას", - თქვა ბერაიამ.

კონგრესმენთან შეხვედრაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ასევე, ირაკლი ბერაია და კახა კუჭავა იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ გიორგი გახარიას 16 დეკემბერს წერილით მიმართა. წერილის თანაავტორი კიდევ ერთი კონგრესმენი, ჯერი კონოლია. გახარიასთვის გაგზავნილ წერილში კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიიღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. 

კონგრესმენები გახარიას, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც მიმართავენ. მათი თქმით, ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან. კინზინგერი და კონოლი ამბობენ, რომ თავზარდამცემია საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად, დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ

კომენტარები