15 წლის ბიჭის თვითმკვლელობა

თოლორაია: სკოლამ პოლიციას გადასცა ვიდეოჩანაწერები და არასრულწლოვანთა მიმოწერა

შსს

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას თქმით, პოლიციის მისვლამდე მწვანე სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეები "ჯგუფურად გამოკითხა". მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე გაკეთებული წარწერების გამო, სკოლამ გამოიძახა პოლიცია, "რადგან ჩაითვალა, რომ მიღწეული ზიანი იძლეოდა შეტყობინების საჭიროებას".

"სკოლის ადმინისტრაციამ დაათვალიერა ვიდეოკამერების ჩანაწერები მასში აღბეჭდილი პირის იდენტიფიცირების მიზნით. ამის შემდეგ, დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად, ასევე, მათთვის ჩანაწერებზე აღბეჭდილი პირის წარდგენა, იდენტიფიცირების მიზნით. პარალელურად გამოიძახეს პოლიცია, რადგან ჩაითვალა, რომ მიღწეული ზიანი იძლეოდა პოლიციისთვის შეტყობინების საჭიროებას. სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას გადასცა ვიდეოჩანაწერები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები. ამის შემდეგ, პოლიციაში შედის ოფიციალურად შეტყობინება, რომლის საფუძველზეც იწყება გამოძიება დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში 187-ე მუხლით, ეს გახლავთ ნივთის განზრახ დაზიანება. სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად დაეწერა მარიანა ჩოლოიანს" - ამბობს ლონდა თოლორაია.

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, გამომძიებელმა იმავე დღეს დაიწყო მოწმეების გამოკითხვაზე დაბარება, მათ შორის, მშობლის მეშვეობით დაიბარა ლუკა სირაძე.

"არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობდა ექვსსაათნახევარი, ღამის თორმეტის ნახევრამდე. იმის გამო, რომ პოლიციაში არ არსებობს სპეციალური ოთახები არასრულწლოვნებისთვის, ამიტომ მიმდინარეობდა ერთიან სივრცეში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები. ჩვენების მიხედვით, გამომძიებელმა არასრულწლოვანს უთხრა, რომ არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას, რომელიც სწავლობს სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები. ასევე გამომძიებელმა 15 წლის ბიჭს დაუპირისპირა სხვა მოწმეები, მათ შორის იყო, როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ისე სხვა არასრულწლოვნები.

იმის გამო, რომ გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმასჯულების კოდექსის შესაბამისად, იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც დღეს რეგულირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ამის გამო, არასრულწლოვნებმა განიცადეს ძალიან ძლიერი ემოციური სტრესი.

შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 17 დეკემბერს, 15:00-ზე, გამოკითხვაზე გამოვიძახეთ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომლის დაკითხვის შემდეგ, მივიღეთ მისი დაკავების გადაწყვეტილება" - ამბობს თოლორაია.

სკოლის მიერ პოლიციისთვის ვიდეოჩანაწერების და არასრულწლოვანთა "ფეისბუქ" მიმოწერის გადაცემაზე 18 დეკემბერს მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა ისაუბრა. მისი ინფორმაცია უარყო მწვანე სკოლის დირექტორმა კახა დავითურმა და აღნიშნა, რომ კრიმინალური პოლიცია საპატრულო პოლიციამ გამოიძახა.

---

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

ადვოკატ რეზი აჭარაძის თქმით, დედის გარდა, ჩვენებაში მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ პოლიციელები ლუკა სირაძეს ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო "ძველი სტილის დაკითხვა" და ლუკა სირაძეს სხვა არასრულწლოვანიც დაუპირისპირეს, რასაც უკვე ადასტურებს პროკურატურაც. 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენების იძულებით მიღებისთვის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, თუმცა, იმის გამო, რომ დაკავებისას ცუდად გახდა, მარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს, მისი ადვოკატის მტკიცებით კი, პოლიციის თანამშრომლებს სკოლის ადმინისტრაციამ დაახვედრა "უკვე ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლებოდა [ყოფილიყო] და ვინ იყო ამ კადრებზე, ასევე დაახვედრა ბავშვებისგან მოპოვებული სქრინოშოტები, ფეისბუქის სქრინშოტები ანუ ბავშვების პირადი მიმოწერა". არჩილ შაბაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს მწვანე სკოლის დირექტორი. კახა დავითურის თქმითვე, კრიმინალური პოლიცია საპატრულო პოლიციამ გამოიძახა.

"ანუ ჰქონდა მიზეზი. გაარკვიეთ ეს მიზეზი", - გვიპასუხა კახა დავითურმა.

დღეს, 19 დეკემბერს მწვანე სკოლაში სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი შევიდა - ის არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.  როგორც ოთარ ჩახუნაშვილმა მწვანე სკოლაში შესვლამდე აღნიშნა, გამოიკვეთა "სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის, მათ შორის გავრცელების, წესების დარღვევის ნიშნები".

დღესვე, განათლების მინისტრმა თქვა, რომ მანდატურის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები კერძო სკოლებშიც უნდა გადამზადდნენ, ასევე, კერძო სკოლებში უნდა გაძლიერდეს ფსიქოსოციალური სამსახური. იუსტიციის მინისტრის შეფასებით კი, კერძო სკოლებსაც უნდა შეეხოთ "თუნდაც მკაცრი" რეგულაციები.

კომენტარები