მოზარდზე ზეწოლა

ადვოკატი: კიდევ არის რამდენიმე პოლიციელი, რომლებსაც შესაძლებელია, წარედგინოთ ბრალდება

გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატის და საიას იურისტის, რევაზ აჭარაძის თქმით, "როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, არის კიდევ სხვადასხვა პირი, რომლებსაც შესაძლებელია, წარედგინოთ ბრალდება, თუმცა, ამ პირების იდენტიფიკაცია ხორციელდება გამოძიების მიერ". ამის შესახებ აჭარაძემ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ თქვა. ჟურნალისტის კითხვაზე, ეს პირები პოლიციელები იყვნენ თუ არა, მან უპასუხა, რომ - კი.

"დიახ. სხვადასხვა პოლიციელი იღებდა მონაწილეობას ლუკა სირაძეზე ზემოქმედების პერიოდში. უბრალოდ, ახლა აუცილებელია, რომ ეს პირები, რომლებიც იყვნენ, ბევრი პოლიციელი იყო უშუალოდ მაგ განყოფილებაში, დადგინდეს, უშუალოდ რომელი პოლიციელი, რომელ მომენტში, რა სახის ძალადობას იყენებდა ამ არასრულწლოვნის მიმართ" - თქვა აჭარაძემ და აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება.

ადვოკატის თქმით, საია თავიდანვე არის ჩართული და გამოძიებისგან რა ინფორმაციასაც მიიღებენ, საზოგადოებას შეატყობინებენ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების ყოფილ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალად 15 წლის ლუკა სირაძისგან ჩვენების იძულებით მიღება ედება. ოჯახის და საიას შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაადასტურა, რომ მარიანა ჩოლოიანი მოზარდს ექვს საათზე მეტ ხანს, გვიან ღამემდე კითხავდა და "დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში", ძმისთვის "გარკვეული პრობლემების" შექმნით ემუქრებოდა.

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". ფაქტი, რომ მოზარდი 20 წუთის განმავლობაში მშობლის გარეშე იმყოფებოდა პოლიციაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 19 დეკემბერს დაადასტურა.

ასევე, საქმეზე ცნობილია, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენების იძულებით მიღებისთვის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ მინიმუმ სამი პოლიციელი ახდენდა. სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, "თუ გამოიკვეთა სხვა პირების ბრალეულობის საკითხი", არ მოერიდება ამ მტკიცებულებებზე ხმამაღლა საუბარს.”

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე აქცია გამართეს ლოზუნგით - "ამ სისტემის დედაც". ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ სისტემაში მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა უნდა აიღოს და გადადგეს. 

კომენტარები