მოზარდზე ზეწოლა

პროკურორი: არ არის გამორიცხული, გაიზარდოს როგორც დაზარალებულთა, ისე ბრალდებულების რიცხვი

ტაბულა

"არ არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს როგორც დაზარალებულთა, ასევე ბრალდებულების რიცხვი" - ამის შესახებ პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე თქვა. მისივე თქმით, "შესაძლოა, დამძიმდეს კვალიფიკაცია ან შეიცვალოს ნებისმიერ პირთან მიმართებით". 

არასრულწლოვანი ლუკა სირაძისგან ჩვენების იძულებით მიღების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 12 თებერვალს გაიმართება. გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

"იქამდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი ჩაატარებს სრულყოფილ, მასშტაბურ, ფორსირებულ გამოძიებას, რომელიც გულისხმობს 24-საათიან რეჟიმში ყველა იმ მტკიცებულების მოპოვებას, რომელიც მიმართული იქნება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისკენ. ამასთან, აღნიშნული საგამოძიებო ვადის პერიოდში თუ გამოიკვეთა ნებისმიერი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, საქართველოს გენერალური პროკურატურა იქნება ორგანო, რომელიც მყისიერ რეაგირებას მოახდენს. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტორის სამსახური შეაგროვებს მტკიცებულებებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, განურჩევლად ამ პირის რანგის, თანამდებობის თუ რეგალიისა, მოხდება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და შემდგომ შესაბამისი სამართალწარმოება" - თქვა პროკურორმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის აღიარა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". ფაქტი, რომ მოზარდი 20 წუთის განმავლობაში მშობლის გარეშე იმყოფებოდა პოლიციაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 19 დეკემბერს დაადასტურა.

ასევე, საქმეზე ცნობილია, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენების იძულებით მიღებისთვის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ მინიმუმ სამი პოლიციელი ახდენდა. სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, "თუ გამოიკვეთა სხვა პირების ბრალეულობის საკითხი", არ მოერიდება ამ მტკიცებულებებზე ხმამაღლა საუბარს.”

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე აქცია გამართეს ლოზუნგით - "ამ სისტემის დედაც". ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ სისტემაში მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა უნდა აიღოს და გადადგეს. 

კომენტარები