ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობა

სალომე ზურაბიშვილმა საავადმყოფოში ცოტნე გამსახურდია მოინახულა

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ხეჩინაშვილის კლინიკაში ცოტნე გამსახურდია მოინახულა - პრეზიდენტმა საავადმყოფო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

მისი თქმით, ის კლინიკაში იმაში დასარწმუნებლად მივიდა, რომ ცოტე გამსახურდიას მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერი გაკეთდება.

"ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლება და იმისი დასტურიც მინდოდა რომ ყველაფერი შემდეგ გაკეთდება, რაც იქნება საჭირო შემდეგ ეტაპზე. მთავარი არის რომ გადავლახოთ ეს მძიმე პერიოდი, სადაც პროგნოზი არის მძიმე", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

ცოტნე გამსახურდია გულ-მკერდისა და თავის არეში ჩატარებული ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და დღეს დილით დასრულდა, ქირურგის განცხადებით, წარმატებული იყო, მაგრამ პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და შესაძლოა, ცოტნე გამსახურდიას თავსა და გულ-მკერდის არეში კიდევ ჩაუტარდეს ოპერაციები.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საღამოს გალის ქუჩაზე დაჭრეს, როცა "კოლხური კოშკიდან" გამოდიოდა. პირები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, ჯერ არ არიან დაკავებული. შსს-მ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები