ჰონგ-კონგი

სი ძინპინი: ჩინეთი ჰონგ-კონგსა და მაკაოში საგარეო ძალების ჩარევას არ დაუშვებს

სი ძინპინი
REUTERS

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჰონგ-კონგის მახლობლად მაკაოში სამდღიანი ვიზიტის დროს, სადაც ჰონგ-კონგისგან განსხვავებით საპროტესტო აქციები არ იმართება, განაცხადა, რომ ჩინეთი ჰონგ-კონგსა და მაკაოში საგარეო ძალების ჩარევას არ დაუშვებდა. 

"ხაზგასმით ვამბობ, მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგი და მაკაო თავიანთ სამშობლოს დაუბრუნდნენ, ამ ორი სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის საქმეები სრულიად ჩინეთის შიდა საქმეებია და საგარეო ძალებს არაფერი ესაქმებათ," - თქვა სი ძინპინმა.

მაკაოში სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა მაკაოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის ხელშეწყობის აუცილებლობას და ადგილობრივ მთვარობას რეგიონალური განვითარების ზონის "დიდი ყურის ტერიტორიის" შესაძლებლობების გამოყენებისკენ მოუწოდა. ამჟამად მაკაოს ეკონომიკა მეტწილად კაზინოების ბიზნესზეა დამოკიდებული. 

ამასთან ერთად, მან კონტინენტურ ჩინეთში მაკაოს მეტ ინტეგრაზეც ისაუბრა, თუმცა კონკრეტული გეგემები არ უთქვამს.

ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ პატრიოტიზმი მაკაოს "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" მოდელის წარმატების მთავარი საწინდარი იყო. 

სი ძინპინის სიტყვით გამოსვლას ჰონგ-კონგის ლიდერი, კერი ლამიც ესწრებოდა.

ზუსტად 20 წლის 20 დეკემბერს პორტუგალიამ მაკაო "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პირობით გადასცა ჩინეთს. სწორედ ამ პირობით გადასცა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთს 1997 წელს. 

მაკაოს მოსახლეობა ჰონგ-კონგის 7 მილიონიან მოსახლეობასთან შედარებით ბევრად პატარაა - 620 000 ადამიანი. აქიდან კი ნახევარი გასულ წლებში კონტინენტური ჩინეთიდან ჩავიდა. 

მაკაოში 2009 წელს მაკაოს ეროვნული უსაფრთხოების კანონი დიდი პროტესტის გარეშე მიიღეს. კანონით ცენტრალური მთვარობის "ღალატი, სეცესია და დივერსია" აკრძალული და დასჯადია. ჰონგ-კონგში მსგავსი კანონის მიღება 2003 წელს სცადეს, თუმცა მასშტაბური პროტესტის შედეგად კანონპროექტი ჩავარდა. 

მაკაოს მახლობლად, ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები ნახევარ წელზე მეტია, რაც იმართება, მომიტინგეები მეტ თავისუფლებას და პეკინის წნეხისგან გათავისუფლებას ითხოვენ.

პეკინი უარყოფს ბრალდებას, რომ ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრის და აზიის ფინანსურ ჰაბში "არეულობას" საგარეო მთავრობებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აბრალებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს.

კანონი ყოველწლიური შემოწმების საშუალებას იძლევა, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთან მის სპეციალურ სტატუსს. ამ სტატუსის ფარგლებში ამჟამად ჰონგ-კონგს აშშ-ის მიერ ჩინეთისათვის დაწესებული სანქციები არ ეხება. კანონის ფარგლებში პროტესტის დროს დაკავებულებს აშშ ვიზის მიღების საშუალებას მისცემს. კანონით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ.

გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის ხალხის მასის კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.

კომენტარები