აშშ - ირანი

აშშ-მა ირანელ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა

მაიკ პომპეო
REUTERS

აშშ-მა ორ ირანელ მოსამართლეს, რომლებსაც ბრალად ედებათ ირანელი მოქალაქეების და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების სიტყვისა და შეკრების თავისუფლების გამოხატვისთვის დასჯა, სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, აშშ-მა ასევე ირანელი მაღალჩინოსნებისთვის მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში მონაწილეობის გამო, ვიზები გაამკაცრა.

პომპეომ განაცხადა, რომ ერთერთი მოსამართლე, რომელსაც სანქციები შეეხო, აბოლგასეემ სალავათი ასობით პოლიტიკურ პატიმარს სჯიდა. აბოლგასეემ სალავათმა ამერიკელ მოქალაქეს სიიუე ვანგს შპიონაჟის ბრალდებით 10 წელი მიუსაჯა. სამ წლიანი პატიმრობის შემდეგ ის პატიმრების გაცვლით გაათავისუფლეს.

სალავათის პოლიტიკური პატიმრებისთვის სასიკვდილო განაჩენიც აქვს გამოტანილი.

"ის რეპრესიული რეჟიმის იარაღია," - თქვა პომპეომსალავთის მეტსახელად "სიკვდილის მოსამართლესაც" ეძახიან.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები მოჰამედ მოგჰისეენსაც შეეხო, რომელიც არაერთ ჟურნალისტსა და ინტერნეტმომხმარებელს დიდი ხნით ციხეში გზავნიდა.

სანქციებით მათი ყველა ამერიკული აქტივი იყინება და ამერიკელებს მათთან ბიზნესის წარმოება ეკრძალებათ. თუ რომელიმე უცხოური ბანკი სანქცირებულ პირებს რაიმე ტრანზაქციის განხორციელებაში ან რაიმე სახით დაეხმარება, შესაძლოა, აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე წვდომა დაკარგოს.

აღნიშნულ ორ მოსამართლეს ევროკავშირის სანქციებიც ეხებათ.

ცოტა ხნის წინ, აშშ-მა ირანულ სატრანსპორტო კომპანიებს და ავიახაზებს ახალი სანქციები დაუწესა.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ ერთ ლიტრ საწვავზე ფასის 10,000 რიალიდან 15,000 რიალამდე ($0.13) გაზარა და რაციონები დააწესა. ახალი წესების მიხედვით, მანქანის ყველა მფლობელს შეუძლია 60 ლიტრი ბენზინი იყიდოს თვეში, ლიტრი 15 000 რიალად (0.13$). ყოველი დაატებითი ლიტრი 30 000 რიალი ჯდება.

მანამდე მძღოლებს შეეძლოთ 250 ლიტრი ბენზინის ყიდვა თვეში, ლიტრი 10 000 რიალად. მთავრობა ამბობს, რომ ბენზინზე სუბსიდიების მოხსნის შედეგად მიღებული შემოსავლები გამოყენებული იქნება დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.

საპროტესტო აქციები 93 ქალაქში გაიმართა. მომიტინგეებმა დაწვეს 100-მდე ბანკის შენობა. ქალაქ ისპაჰანში დაწვეს პოლიციის შენობა. ქალაქ ისლამშეჰრში კი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ფოტოები დაწვეს შეძახილებით "სიკვდილი დიქტატორს".

აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 304 ადამიანი მოკლეს.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ "მტრის გეგმაზე" გამარჯვება გამოაცხადა და თქვა, რომ "დივერსიული ელემენტების" უკან აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი იდგნენ.

ირანის ეკონომიკაზე გავლენა აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მოახდინა. სანქციები ირანს ხელახლა მას შემდეგ დაუწესა, რაც დონალდ ტრამპმა ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აშშ შეთანხმებიდან გაიყვანა.

კომენტარები