ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა

ზალკალიანი გაფრინდაშვილის პატიმრობაზე: ყველა ბერკეტი არის ამოქმედებული

mfa.gov.ge

"მისი დაკავება იყო შეგნებული პროვოკაცია. აუცილებლად იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ცუდ სცენართან დაკავშირებით აუცილებლად ავამოქმედებთ. ყველა ბერკეტი არის ამოქმედებული. ვართ მუდმივ კომუნიკაციის რეჟიმში ყველა პარტნიორთან, მივიღებთ ნებისმიერ რჩევას", - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები