ვაჟა გაფრინდაშვილი

ომბუდსმენი გაფრინდაშვილის საქმეზე: ფაქტია, არანაირი დიალოგი [რუსეთთან] არ მუშაობს

0 კომენტარი

საქართველოს სახალხო დამცველი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ მის გასათავისუფლებლად რუსეთთან დიალოგის და არაოფიციალური კონტაქტის გზები გამოიყენა, რაც საკმარისი არ იყო.

"ხელისუფლების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გააკეთა აქცენტი, რომ ეს საკითხი დიალოგის და სხვადასხვა კონტაქტის რეჟიმში გადაწყვეტილიყო. ფაქტია, არანაირი დიალოგი არ მუშაობს, მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.

სახელმწიფომ, ძირითადად გამოიყენა არაოფიციალური კონტაქტები და დიალოგის ფორმატები, მათ შორის რუსეთის ხელისუფლებასთანაც. ინფორმირება მოახდინეს საერთაშორისო საზოგადოების.

თუმცა, მე ვფიქრობ, არსებობს სხვა, საერთაშორისო მექანიზმებიც, რომლებიც უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ ზოგადად ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით.

მე, როგორც სახალხო დამცველი, ვაპირებ მივმართო საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მოვიპოვო ინფორმაცია, დამატებით რა მექანიზმების გამოყენება შეიძლება, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მთელი საერთაშორისო საზოგადოების პრობლემა, რომ ჩვენ ევროპაში გვაქვს ტერიტორია, რომელზეც არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას მიუწვდება ხელი, ვერავინ შედის ამ ტერიტორიაზე და აქ ხდება ადამიანის უფლებების ძალიან უხეში დარღვევა.

მე ვფიქრობ, ამაში უნდა ჩაერთოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და ადამიანის უფლებათა დაცვითი ყველა შესაძლო მექანიზმი და ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები