ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა

"სირცხვილია" ოცნების ახალ ინიციატივაზე: როგორც ჩანს, ვერ გაიგეს, რომ ვაჭრობას არ ვაპირებთ

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ ახალ ინიციატივას  facebook პოსტში გამოეხმაურა

პოსტში მოკლედ არის განხილული საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული უახლესი პროცესები გავრილოვის ღამით გამოწვეული სამოქალაქო პროტესტის დღეებში დაპირებით დაწყებული, 14 ნოემბერს პარლამენტის მიერ კანონპროქეტის ჩაგდების ჩათვლით, რის შემდეგაც ხელისუფლებაზე როგორც შიდა, ისე საგარეო წნეხი გაიზარდა.

"წნეხს, რომელსაც ქართული ოცნება ყოველდღიურად განიცდის, მმართველი გუნდი ვერ უმკლავდება, ისინი ყოველდღიურად კარგავენ სახესა და ამომრჩევლებს."- წერია პოსტში.

"ქართული ოცნების" ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლისა და ყოველ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში 100 დეპუტატი შევა პროპორციული წესით, ხოლო 50 - მაჟორიტარულით, "სირცხვილია" წერს, რომ ამ წინადადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო: “აჯანყებული მაჟორიტარები” არ არსებობენ და ისინიც, როგორც მთავრობის სრული შემადგენლობა და სახელმწიფოს ყველა, წესით დამოუკიდებელი შტო, ემორჩილება მხოლოდ ერთი პრორუსი ოლიგარქის ნებას.

"როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ ისევ ვერ გაიგო, რომ ჩვენ მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნები და ღირებულებები თქვენს შემოგდებულ წინადადებებზე არ იყიდება. განსხვავებით თქვენგან, ჩვენ გაგვაჩნია პრინციპები, რომლებსაც არაფრის გამო არ შევიცვლით. უკან დახევას არ ვაპირებთ!"-წერს "სირცხვილია".

მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო აქტივისტები "შეუვალი და დაუღალავი" წინააღმდეგობის გაგრძელებას აანონსებენ. 

კომენტარები