ბრექსითი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბორის ჯონსონის ბრექსითის გეგმას მხარი დაუჭირა

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბორის ჯონსონის მიერ ევროკავშირთან შეთანხმებულ ბრექსითის გეგმას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

გეგმას მხარი 358-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 234.

კანონმდებლები კანონის ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ. მხარდაჭერი მოპოვების შემდეგ მისი განხილვა საკომიტეტო ფაზაში გადავა, სადაც დეტალებზე იმსჯელებენ.

კანონის დამტკიცების ბოლო ფაზა 25 დეკემბრის შემდეგ დაიწყება. ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატას მის დასამტკიცებლად ვადა 9 იანვრამდე ექნება, ამის შემდეგ მას ლორდთა პალატა განიხილავს და საბოლოოდ დედოფალი დაამტკიცებს.

გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვრამდე დატოვებს.

12 დეკემბერს ბრიტანეთში ჩატარებულ ვადამდელ საყოველთაო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში 364 ადგილი მოიპოვა, რაც გასული არჩევნების მაჩვენებელზე 47 ადგილით მეტია, ხოლო უმრავლესობისათვის საჭირო რაოდენობაზე 38 ადგილით მეტი.

შესაბამისად, ჯონსონის გეგმამ, რომელიც პარლამენტმა პირველ მოსმენაზე ჩააგდო, საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა.

ამის შემდეგ ბრიტანეთი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობას დაიწყებს, რისთვისაც ჯონსონმა საკუთარ მთავრობას ერთწლიანი ვადა დაუწესა.

კომენტარები