პრეზიდენტი ელჩებს: გააძლიერეთ ძალისხმევა, რომ გაფრინდაშვილი ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, "გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს".

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა თქვა, რომ "ასეთი ნაბიჯები რეგიონში შექმნილი ვითარების დეესკალაციას ხელს არ უწყობს, ჩვენს რეგიონს კი, სტაბილურობა სჭირდება".

"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიმართა ელჩებს, რომ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ. დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი იმედს გამოთქვამს, რომ ექიმი თავის ოჯახს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდება. გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე, რომელიც უკანონოდაა დაკავებული, ჰუმანიტარული გადაწყვეტის გზა მოიძებნება" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები