ჯოან როულინგი

ჯოან როულინგს ტვიტერზე დაწერილი პოსტის გამო ტრანსფობიაში ადანაშაულებენ

Getty Images

პოტერიადას შემქმნელმა, ჯოან როულინგმა, სამსახურიდან გაგდებულ მაია ფორსტეიტერს ტვიტერზე საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა, რის გამოც LGBTQ აქტივისტებისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილისგან თავდასხმის ობიექტი გახდა.

მაია ფორსტეიტერი Centre for Global Development-ის მკვლევარის პოზიციაზე მუშაობდა. ის სამსახურიდან მას შემდეგ გააგდეს, რაც მან საჯარო პოსტი დაწერა, რომ ბიოლოგიური სქესის შეცვლა შეუძლებელია.

"არსებობს ორი სქესი, ქალი და კაცი. კაცები და ბიჭები მამრობითი სქესის არიან, ქალები და გოგოები მდედრობითი სქესის. შეუძლებელია სქესის შეცვლა" - ამბობდა ფორსტეიტერი.

სამსახურიდან გაგდების შემდეგ მაია ფორსტეიტერმა კომპანიას სასამართლოში უჩივლა, თუმცა საქმე წააგდო, რადგან მოსამართლემ მიიჩნია რომ მისი შეხედულებები არ ემყარებოდა თანასწორობის იდეას.

სწორედ, ამ ფაქტს გამოეხმაურა ჯოან როულინგიც, რის გამოც მას ტრანსფობობა დასწამეს.

"ჩაიცვით როგორც გინდათ, დაუძახეთ საკუთარ თავებს რაც გინდათ, გქონდეთ ურთიერთობა ნებისმიერ ზრდასრულთან, რომელიც ამაზე თანახმა იქნება, მაგრამ ქალებს დააკარგვინო სამსახური მხოლოდ იმის გამო, რომ ამბობენ სქესი ნამდვილიაო? #მემხარსვუჭერმაიას", - დაწერა ჯოან როულინგმა.

ჯოან როულინგს ტვიტერზე 14.6 მილიონი გამომწერი ჰყავს. პოსტს დაწერიდან 4 საათში დაახლოებით 8 000 კომენტარი და 42 000 მოწონება ჰქონდა - კომენტარების უმეტესობა იმას ეხებოდა, რომ ჯოან როულინგის პოსტი ტრანსფობიურია და თავად მწერალიც ტრანსფობი გამოდის.

მწერალს ამ დრომდე კრიტიკისთვის არაფერი უპასუხია.

კომენტარები