ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

EU: ჩვენი მოლოდინია უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. სასამართლოს მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის გაგრძელებას ეხმაურება.

საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირის მოლოდინია, რომ უკანონოდ დაკავებული ექიმი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. 

"საქართველოს თვითაღიარებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ბ-ნ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება კიდევ ერთი წლისა და ცხრა თვით გააგრძელა. 9 ნოემბერს ბ-ნ გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ ევროკავშირმა არაერთხელ მოითხოვა მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლება. დღევანდელი [20 დეკემბერი] მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ ვაჟღერებთ ჩვენს მოლოდინს, რომ ცხინვალში კონტროლის განმახორციელებელი ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ბ-ნ გაფრინდაშვილს და იგი ოჯახს დაუბრუნდება",- აღნიშნავს პრესსპიკერი.

გარდა ამისა, ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმა ადგილობრივი მოსახლეობის შეუზღუდავი და თავისუფალი გადაადგილების აღსადგენად.

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები